[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

აბელ ენუქიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბელ ენუქიძე
დაბადების თარიღი 7 (19) მაისი, 1877
დაბადების ადგილი ქუთაისის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 30 ოქტომბერი, 1937(1937-10-30)[1] [2] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  სსრკ
რუსეთის იმპერია
ჯილდოები ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

აბელ სოფრომის ძე ენუქიძე (დ. 3 ნოემბერი, 1877, სოფ. წკადისი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 30 დეკემბერი, 1937, მოსკოვი) — ქართული წარმოშობის ბოლშევიკი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მუშაკი. ცნობილი იყო ასევე პარტიული ფსევდონიმებით — აბელ, აბდულ, ზოლოტაია რიბკა.

1897 წელს დაამთავრა თბილისის საშუალო ტექნიკური სასწავლებელი. 1897-1900 წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოების მუშა. 1898 წელს შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიას (რსდმპ). იყო ბაქოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი (1900), რსდმპ ბაქოს კომიტეტის წევრი, „ისკრის“ აგენტი. მონაწილეობდა არალეგალური სტამბის „ნინას“ მოწყობასა და მუშაობაში. 1907-1914 წლებში ენუქიძე პარტიულ საქმიანობას ეწეოდა ბაქოში, დონის როსტოვში, მოსკოვსა და პეტერბურგში. 1914 წლის ოქტომბერში გადაასახლეს ტურუხანის მხარეში. 1916 წლის გაიწვიეს სამხედრო სამსახურში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის დღეებში ენუქიძე მონაწილეობდა პეტროგრადის ჯარისკაცთა გამოსვლებში. საბჭოების I ყრილობაზე აირჩიეს სრულიად რუსეთის ცაკის წევრად, 1917 ივნ-ში – პეტროგრადის საბჭოს აღმასკომის წევრად, 1917 წლის ოქტომბერში — პეტროგრადის სამხედრო რევკომის წევრად, სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობის დელეგატად. 1918 შემოდგომაზე გახდა სრულიად რუსეთის ცაკის სამხედრო განყოფილების გამგე, შემდეგ — პრეზიდიუმის წევრი და მდივანი. სსრკ საბჭოების I ყრილობაზე (1922 წლის 30 დეკემბერი) აირჩიეს სსრკ ცაკის პრეზიდიუმის წევრად და მდივნად.

1935 წლიდან ენუქიძე საბჭოთა მმართველ ელიტაში მიმდინარე დაპირისპირების მონაწილე იყო. 1935 წლის 3 მარტს სტალინის ბრძანებით გათავისუფლდა სსრკ ცაკში დაკავებული თანამდებობებიდან. 1935-1937 წლებში ის ჯერ ჩრდილოეთ კავკასიის მინერალური წყლების კურორტებზე ცაკის წარმომადგენლად, შემდეგ კი ხარკოვის საოლქო სატრანსპორტო ტრესტის დირექტორად მუშაობდა. 1937 წლის თებერვალში დააპატიმრეს სახელმწიფო ღალატის, შპიონაჟის და სხვა ბრალდებებით. იმავე წლის დეკემბერში დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1959 წელს. დაჯილდოებული იყო ლენინის და შრომის წითელი დროშის ორდენებით.

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 17.
  • Енукидзе, Авель Сафронович // Большая русская биографическая энциклопедия (электронное издание), М., 2007.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]