[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

მარია ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ავსტრიელი
Maria von Österreich
უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი
კორონაცია: 11 დეკემბერი, 1521 (უნგრეთში)
1 ივნისი, 1522 (ბოჰემიაში)
მმართ. დასაწყისი: 13 მარტი, 1516
მმართ. დასასრული: 29 აგვისტო, 1526
წინამორბედი: ანა დე ფუა-კანდალი
მემკვიდრე: ანა იაგელონი
ნიდერლანდების გუბერნატორი
მმართ. დასაწყისი: 28 იანვარი, 1531
მმართ. დასასრული: 25 ოქტომბერი, 1555
წინამორბედი: მარგარეტ ავსტრიელი
მემკვიდრე: ემანუელ ფილიბერტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 სექტემბერი 1505
დაბ. ადგილი: ბრიუსელი,
გარდ. თარიღი: 18 ოქტომბერი 1558, (53 წლის)
გარდ. ადგილი: კასტილია
მეუღლე: ლაიოშ II, უნგრეთის მეფე
(ქ. 1515 - გარდ. 1526)
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე I, ბურგუნდიის ჰერცოგი
დედა: ხუანა I, ესპანეთის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

მარია ავსტრიელი (გერმ. Maria von Österreich; დ. 18 სექტემბერი, 1505, ბრიუსელი, ნიდერლანდები — გ. 18 ოქტომბერი, 1558, კიგალესი, ესპანეთი) — ფილიპე I-ის და ხუანა I შეშლილის ქალიშვილი.

ის ასევე ცნობილია შემდეგი სახელებით: მარია ჰაბსბურგი, მარია უნგრელი, მარია ბურგუნდიელი, მარია კასტილიელი. მარიას და-ძემბს შორის იყვნენ საღვთო რომის იმპერატორები, კარლ V და ფერდინანდ I; პორტუგალიის და შემდგომ საფრანგეთის დედოფალი ელეონორა ავსტრიელი; დანიის, ნორვეგიის და შვედეთის დედოფალი იზაბელა ავსტრიელი; პორტუგალიის დედოფალი, ეკატერინე ავსტრიელი.

მარია ავსტრიელი იყო უნგრეთის და ჩეხეთის მეფე ლაიოშ II-ის ცოლი, რომელიც იყო ვლდისლავ II-ის და ალა დე ფუას ვაჟი. 1526 წელს მოჰაჩის ბრძოლაში ლაიოშის დაღუპვის შემდეგ, მარია გახდა თავისი ძმის, კარლ V-ის მემკვიდრე ჰაბსბურგების ნიდერლანდებში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია 1505 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ბრიუსელში, ჰაბსბურგთა ნიდერლანდების დედაქალაქში. იგი ნიდერლანდების მმართველისა და ბურგუნდიის ჰერცოგის, ფილიპე I ლამაზისა და მისი მეუღლის, ესპანეთის დედოფალ ხუანა I შეშლილის შუათანა ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ისა და მისი პირველი ცოლის, ჰერცოგინია მარია ბურგუნდიელის შვილიშვილი იყო, ხოლო დედის მხრიდან კი - დედოფალ ისაბელ I კასტილიელისა და მეფე ფერდინანდ II არაგონელისა.

მარიას მშობლები 1505 წელს

ცნობილია, რომ დედოფალ ხუანას პრინცესა მარიაზე მშობიარობა ძალიან გაუჭირდა და მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, გამოჯანმრთელებას კი დაახლოებით ერთი თვე დასჭირდა. დაბადებიდან მეხუთე დღეს, 1505 წლის 20 სექტემბერს არას ეპისკოპოსმა ნიკოლა ლე რისტრემ იგი კათოლიკედ მონათლა და ნათლობისას მას მამამისის დედის, იმ დროს უკვე განსვენებული მარია ბურგუნდიელის პატივსაცემად დაარქვეს სახელი. მარიას ნათლია მისივე ბაბუა, იმპერატორი მაქსიმილიან I იყო.

უკვე 1506 წლის 17 მარტს იმპერატორი მაქსიმილიანი მეზობელი უნგრეთის მეფე ვლადისლავ II-ს დაჰპირდა, რომ პრინცესა მარიას მის უფროს ძესა და ერთადერთ მემკვიდრეზე, პრინც ლაიოშზე დააქორწინებდა. მეორეს მხრივ კი მარიას ძმა, ერცჰერცოგი ფერდინანდი ცოლად შეირთავდა ვლადისლავის ქალიშვილს, პრინცესა ანა იაგელონს.

1506 წლის სექტემბერში მარიას მამა, ფილიპე ლამაზი გარდაიცვალა, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია მარიას დედის, დედოფალ ხუანას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. იმის გამო, რომ დედოფალი ხუანა შეშლილად გამოაცხადეს და ბავშვებზე მეურვეობა ჩამოერთვა, მარია და მისი და-ძმები ბრიუსელში თავიანთ მამიდასთან, მარგარეტ ავსტრიელთან იზრდებოდნენ მისი მეურვეობის ქვეშ, რომელიც მართალია თავად ორჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა შვილები არ ჰყავდა, რის გამოც დარჩენილი ცხოვრება გარდაცვლილი ძმის შვილებს ზრდიდა. აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში მხოლოდ მარია, ერცჰერცოგი კარლი და მათი კიდევ ორი საერთო და - ელეონორა და იზაბელა გადავიდნენ მამიდასთან საცხოვრებლად, ხოლო მათი ორი დედმამიშვილი - ერცჰერცოგი ფერდინანდი და პრინცესა ეკატერინე კი ესპანეთში დარჩნენ პაპის, ფერდინანდ არაგონელის მეურვეობის ქვეშ. მარია და მისი დები, ელეონორა და იზაბელა ერთად იღებდნენ განათლებას მეხელენის სამეფო კარზე, მათი მუსიკის მასწავლებელი კი ჰენრიკ ბრედემერსი გახდა.

უნგრეთისა და ბოჰემიის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნგრეთის დედოფალი ავსტრიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი მარია 1520 წელს

1514 წელს პრინცესა მარია ვენის სამეფო კარზე დაიბარა ბაბუამისმა, იმპერატორმა მაქსიმილიანმა. იგი მალევე დასაქორწინებლად მოამზადეს და დაპირებისამებრ, 1515 წლის 22 ივლისს ვენის წმინდა სტეფანეს სახელობის კათოლიკურ კათედრალში პრინცესა მარიასა და პრინც ლაიოშს ჯვარი დასწერეს. იმავდროულად კი ლაიოშის და, პრინცესა ანა მარიას ძმაზე, ერცჰერცოგ ფერდინანდზე დააქორწინეს. ამ დროისათვის მარია 9 წლის იყო. სწორედ იმის გამო, რომ მარია მცირეწლოვანი იყო და ლაიოში კი მარიაზე 1 წლით უმცროსი იყო, სამეფო ოჯახებმა გადაწყვიტეს, რომ წყვილს კიდევ რამდენიმე წელს არ უნდა ეცხოვრა ერთად, რის გამოც მარია ვენაში დარჩა.

იქიდან გამომდინარე, რომ პრინცესა ანა იაგელონი მარიაზე უფროსი იყო, მამამისმა იგი უკვე გაუშვა ვენის სამეფო კარზე, სადაც მან დიდი სიმდიდრე ჩაიტანა მზითვის სახით და თავის მულთან და რძალთან, პრინცესა მარიასთან ერთად განაგრძობდა სწავლას 1516 წლამდე. სწორედ 1516 წლის 13 მარტს მარიას მამამთილი, მეფე ვლადისლავ II გარდაიცვალა და ლაიოშ II ახალი მეფე გახდა, რითაც მარია უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი გახდა. რადგანაც იგი უკვე არა უბრალოდ მემკვიდრის ცოლი, არამედ დედოფალი იყო, მას აღარ შეეძლო სხვა ქვეყნის სამეფო კარზე დარჩენა და იძულებული გახდა ვენის სამეფო კარი დაეტოვებინა, თუმცა იგი უნგრეთში მაინც არ გაუშვეს მცირეწლოვანების გამო. ამის გამო მარია ინსბრუკში გადავიდა და იქ განაგრძო განათლების მიღება 1521 წლამდე, რის შემდეგაც იგი უკვე სრულწლოვანიც გახდა და შეეძლო მისი, როგორც დედოფლის მოვალეობების შესრულება. მარია და ანა ერთად სწავლობდნენ ნადირობისა და იარაღის გამოყენების ხელოვნებას. ამასთან ერთად, იმპერატორი მაქსიმილიანი მათ ჰუმანიტარულ განათლებასაც აძლევდა, რათა მათ, როგორც მომავალ დედოფლებს, შესძლებოდათ პრობლემებზე რეაგირება და მოგვარება. ინსბრუკის კარზე მათ ასევე ცეკვა, სიმღერა და მუსიკაც შეისწავლეს.

ინსბრუკში მიღებული პრაქტიკული განათლება მას ძალიან დაეხმარა პიროვნების ჩამოყალიბებაში და საჭირო უნარების გამომუშავებაში, რაც მარიას გამოადგა როგორც უნგრეთის დედოფლობის, ისე შემდეგში, ნიდერლანდების მმართველობის დროს. იმპერატორი მაქსიმილიანი 1519 წელს გარდაიცვალა, ავსტრიაში ცხოვრების ბოლო 2 წელი კი მან თავისი უფროსი ძმის, კარლ V-ის იმპერატორობის ქვეშ გაატარა.

ცხოვრება ლაიოშთან ერთად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1521 წლის ივნისში მარიამ დატოვა ინსბრუკის კარი და უნგრეთისაკენ გაემგზავრა. მისი ბუდას სამეფო კარზე ჩასვლიდან მალევე დაიწყეს დიდი სამზადისი მარიას დედოფლად კურთხევის ცერემონიისთვის. 1521 წლის 11 დეკემბერს სეკეშფეჰერვარის კათოლიკურ ბაზილიკაში იგი ზაგრების ეპისკოპოსმა სიმონ ერდოდმა უნგრეთისა და ხორვატიის დედოფლად აკურთხა. დედოფლის კორონაციას მთელს სამეფოში დიდი დღესასწაულები მოჰყვა. 1522 წლის 13 იანვარს მათი ქორწინება ბუდაში აკურთხა ეპისკოპოსმა და პირველად მოხდა ქორწინების კონსუმაციაც. სწორედ ამის შემდეგ დედოფალმა მარიამ ქმართან ერთად დატოვა ბუდა და გაემგზავრა ბოჰემიისკენ, სადაც 1522 წლის 1 ივნისს პრაღის წმინდა ვიტის კათოლიკურ კათედრალში ის ბოჰემიის დედოფლადაც აკურთხა ეპისკოპოსმა.

ლაიოშ II, მარიას მეუღლე

ბუდაში გადასვლის შემდეგ დედოფალი მარია და მეფე ლაიოში მალევე დაახლოვდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი. მცირე ასაკის გამო თავდაპირველად დედოფალ მარიას არანაირი გავლენა არ ჰქონია პოლიტიკაზე არც უნგრეთში და არც ბოჰემიაში. მალევე ბუდას სამეფო კარზე დედოფალ მარიას ხელშეწყობით მომრავლდნენ გერმანელები და ჰოლანდიელები, რომლებიც ნელნელა უყრიდნენ საფუძველს უნგრეთში პრო-ჰაბსბურგული ინტერესების გატარებას. უკვე 1524 წლიდან დედოფალი მარია უნგრეთში საკმაოდ ავტორიტეტული ფიგურა იყო. 1525 წლისთვის დედოფალმა მარიამ მოახერხა და კონტროლი აიღო უნგრეთის მთავარ პოლიტიკურ ფრაქციებზე. საკუთარი სურვილით მან ასევე შეძლო და თავად დანიშნა ანდრეა დე ბორგო ავსტრიის ელჩად.

უნგრეთის დედოფლობის პერიოდში მარიამ ცნობილი რეფორმატორის, მარტინ ლუთერის ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც მას ოთხი ფსალმუნი მიუძღვნა. მიუხედავად ძმების ძლიერი წინააღმდეგობისა, ლუთერის სწავლებებისადმი დიდი სიმპათიით გამოირჩეოდა დედოფალი მარია და განსაკუთრებით კი მისი უფროსი და, დანიის დედოფალი იზაბელა. საბოლოოდ ფერდინანდმა დიდი ზეწოლისა და ბუდას სამეფო კარის მოძღვრის, იოჰან ჰენკელის გავლენით მარია მთლიანად ჩამოშორდა ლუთერის სწავლებებს და დაუბრუნდა კათოლიციზმს. აღსანიშნავია, რომ მარია არასოდეს ყოფილა ლუთერანი და ისტორიკოს ჰელმუტ გეორგ კოინიგსბერგის განცხადებით, მისი პროტესტანტობისადმი არსებული სიმპათია გაზვიადებულია.

მეფე ლაიოში და დედოფალი მარია თავისუფალ დროს ცხენოსნობასა და ნადირობაში ატარებდნენ, ნადირობის შემდეგ კი სანადირო სახლში ერთად ატარებდნენ დროს. ისინი ერთად, თუმცა წარუმატებლად ცდილობდნენ გახლეჩილი უნგრული თავად-აზნაურობის გაერთიანებასა და მობილიზაციას ოსმალეთისაგან მომავალი დიდი საფრთხეების წინააღმდეგ. უნგრელი დიდებულები ეჭვის თვალით უყურებდნენ დედოფალ მარიას მისი არაუნგრული წარმომავლობის გამო და არ ენდობოდნენ მას, როგორც უცხოელ ქალს. მარია ცდილობდა ეთანამშრომლა თავის ძმა ფერდინანდთან უნგრეთის თავდაცვის ორგანიზებისთვის ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ის ბევრად უფრო ენერგიული და სულიერად ძლიერი იყო ვიდრე ლაიოში. უნგრელები ამას თავად მიხვდნენ და აკრიტიკებდნენ თავიანთ მეფეს - მაგრამ ის ფაქტი, რომ იგი ეყრდნობოდა არაუნგრელ მრჩევლებს, მაინც არ მოსწონდათ. ალფრედ კოლერი თვლის, რომ მათი თავდაცვის პროექტი ჩაიშალა ლუის კომპეტენციის ნაკლებობის გამო.

ოსმალების შემოჭრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჰაჩის ბრძოლა, 1526 წელი

ჯერ კიდევ 1521 წელს ოსმალებმა შეძლეს და დაიკავეს ბელგრადის უმნიშვნელოვანესი უნგრული ციხე-ქალაქი და მიმდებარე ციხესიმაგრეები, რის შემდეგაც ბუდა და მთელი უნგრეთი უკვე ღია იყო ოსმალეთის შემოჭრისთვის. 1526 წელს სულთანი სულეიმან I დიდი ლაშქრით ხელმეორედ შეიჭრა უნგრეთის სამეფოში. ლაიოშს მხოლოდ 20,000 კაციანი არმია ჰყავდა, რომელიც მოჰაჩის ბრძოლაში 1526 წლის 29 აგვისტოს სულ რაღაც 2 საათში მთლიანად გაანადგურა ოსმალეთის ლაშქარმა. ბრძოლიდან უკან დახევისას 20 წლის მეფე ლაიოში ცხენიდან გადმოვარდა, მდინარეში ჩავარდა, აბჯრის სიმძიმის გამო მან ადგომა ვეღარ შეძლო და დაიხრჩო. ცნობილია, რომ დედოფალი მარია მას სიცოცხლის ბოლომდე გლოვობდა და ამის ნიშნად მუდმივად შავ სამოსს ატარებდა.

მეფის სიკვდილის და ბრძოლაში დამარცხების შემდეგ უნგრეთი სამ ნაწილად გაიყო. ოსმალებმა მოახერხეს დედაქალაქ ბუდას დაკავება, რის გამოც მარიას მოუხდა ვენაში დაბრუნებულიყო თავისი ამალით. შესაბამისად, მთელი ცენტრალური უნგრეთი ოსმალებს დარჩათ, აღმოსავლეთში, კერძოდ ტრანსილვანიის პროვინციაში უნგრელი დიდგვაროვანი, იანოშ ზაპოლია გაბატონდა და თავს მეფედ აცხადებდა, რაშიც მას თურქებიც უჭერდნენ მხარს, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ უნგრეთი, ხორვატია და ბოჰემია კი მთლიანად მარიას ძმას, ფერდინანდ I-ს დარჩა, როგორც ვლადისლავ II-ის სიძესა და ანა იაგელონის მეუღლეს, რადგანაც მარიასა და ლაიოშს შვილები არ დარჩენიათ.

ამ ყველაფრის შემდეგ მარიამ პირობა დადო, რომ აღარასოდეს დაქორწინდებოდა და ყოველთვის თან ჰქონდა გულის ფორმის მედალიონი, რომელსაც მისი ქმარი ატარებდა მოჰაჩის საბედისწერო ბრძოლაში.

უნგრეთის რეგენტობა და ქვრივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაიოშის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე მარიამ თავის ძმას, ერცჰერცოგ ფერდინანდს მომხდარის შესახებ შეატყობინა და ოსმალებისაგან წამოსული საფრთხის გამო სთხოვა, რომ მასთან, უნგრეთში ჩასულიყო. საკუთარ ჩასვლამდე კი მარიამ ფერდინანდს სთხოვა, რომ ავსტრიული ჯარი გაეგზავნა მასთან. ფერდინანდმა დას თხოვნაზე უარი უთხრა, რადგანაც ამ დროს იგი ბოჰემიაში იმყოფებოდა, სადაც ის მალევე აირჩიეს ლაიოშის მემკვიდრედ და ახალ მეფედ. ამის მიუხედავად მას არც უნგრეთის დაკარგვა არ სურდა და რადგანაც თავად ვერ ახერხებდა ჩასვლად, თავის რეგენტად და უნგრეთში საკუთარი ინტერესების გამტარებლად სწორედ მარია დაასახელა.

დაქვრივებული დედოფალი მარია 1531 წელს

მთელი შემდეგი წელი მარია მუშაობდა უნგრელ დიდგვაროვნებთან, რომ ისინი ფერდინანდის ახალ მეფედ არჩევაზე დაეთანხმებინა. 1527 წლის 14 თებერვალს მან ძმას ნებართვა სთხოვა, რომ გადამდგარიყო რეგენტობიდან, რაზეც უარი მიიღო. მარიას ამ თანამდებობაზე იძულებით დარჩენა 1527 წლის ზაფხულამდე მოუწია, როდესაც ფერდინანდმა საბოლოოდ შეძლო რომ ჩასულიყო უნგრეთში და ტახტი დაეკავებინა, რამაც მარიას ტვირთი შეუმსუბუქა. აღსანიშნავია, რომ რადგანაც ამ დროს ბუდა უკვე ოსმალების ხელში იყო, დედოფალი მარია უნგრეთის ახალ დედაქალაქში, პოჟონში (ახლანდელი ბრატისლავა) იმყოფებოდა, სადაც მოხდა სწორედ ფერდინანდის კურთხევაც.

მას შემდეგ, რაც მარია აღარც დედოფალი იყო და აღარც რეგენტი, მას საკმაოდ დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა და დეპრესიული ფონიც დაეწყო მარტოობის გამო. ამის გამოსასწორებლად 1528 წელს მარიას მამიდამისმა, ბრიუსელში მყოფმა მარგარეტ ავსტრიელმა შესთავაზა, რომ მეორედ გათხოვილიყო. კანდიდატურად მარიას ოჯახმა შოტლანდიის ახალგაზრდა მეფე, ჯეიმზ V სტიუარტი წარუდგინა. მარიას მეორედ დაქორწინება აღარ სურდა, რის გამოც ჯეიმზის კანდიდატურა უარყო. 1530 წელს მარიას მისმა ძმამ, კარლ V-მ კიდევ ერთხელ შესთავაზა ხელახალი ქორწინება, ოღონდ ამჯერად უკვე პფალცის კურფიურსტ ფრიდრიხ II-ზე, რომელიც მარიამ ასევე უარყო. ამის შემდეგ მარიას ქორწინების შეთავაზება აღარ ჰქონია და არც თავად გამოუთქვამს სურვილი, რის გამოც მთელი დარჩენილი ცხოვრება ლაიოშის ქვრივად გაატარა.

აღსანიშნავია, რომ 1528 წელს, ვენაში დაბრუნებულმა ფერდინანდმა მარიას კვლავ შესთავაზა უნგრეთის რეგენტად დაჯდომა პოჟონში, მაგრამ მარიამ უარი განაცხადა ამაზეც, რადგან მისი თქმით „ასეთ საქმეებს უფრო ბრძენი და უფროსი ადამიანი სჭირდება“. ამის მიუხედავად ფერდინანდი დაჟინებით სთხოვდა მარიას თავის საქმეებში ჩარევას 1529 წლამდე. უკვე 1530 წლის 1 დეკემბერს მარიას მამიდა, მარგარეტ ავსტრიელი გარდაიცვალა და ჰაბსბურგთა ნიდერლანდების ჩვიდმეტი პროვინციის გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური გახდა. ფერდინანდმა ამ თანამდებობაზეც მარიას კანდიდატურა წამოაყენა.

ნიდერლანდების გუბერნატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ავსტრიელი ნიდერლანდების გუბერნატორობის პერიოდში

1531 წლის 3 იანვარს მარიას მისმა უფროსმა ძმამ, საღვთო რომის იმპერატორმა კარლ V-მ ოფიციალურად სთხოვა ნიდერლანდების გუბერნატორის თანამდებობის დაკავება. კარლი თავად ორ უზარმაზარ იმპერიას მართავდა და მუდმივად სჭირდებოდა ოჯახის ისეთი საიმედო წევრები, რომელთაც იგი ქვეყნების მართვას ანდობდა. ასე მაგალითად, ესპანეთის მართვას იგი მუდმივად თავის ცოლს, დედოფალ იზაბელა პორტუგალიელს აბარებდა, ავსტიას თავის ძმას - ფერდინანდს, ნიდერლანდებში კი მარიას გაშვება სურდა მას შემდეგ, რაც მისი აღმზრდელი მამიდა გარდაიცვალა. მართალია მარიას მაინც არ სურდა არც ამ თანამდებობის მიღება, იგი მაინც დასთანხმდა ძმის დაჟინებულ მოთხოვნას. 1537 წლის 6 ოქტომბერს იმპერატორმა მას მისწერა, რომ:

ვიკიციტატა
„მე მხოლოდ ერთი ვარ და ყველგან ვერ ვიქნები. მე უნდა ვიყო იქ, სადაც საჭიროა და შემიძლია, რომ ვიყო და ხშირად შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც საჭიროა და არა იქ, სადაც მე მინდა ყოფნა, რადგან ადამიანს არ ძალუძს იმაზე მეტის კეთება, ვიდრე ეს შესაძლებელია.“

საბოლოოდ მარია 1531 წლის 28 იანვარს დასთანხმდა და ოფიციალურად გახდა ჰაბსბურგთა ნიდერლანდების ჩვიდმეტი პროვინციის გუბერნატორი. შემდეგ წლებში ის იმდენად ეფექტურად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას, რომ კარლმა იგი აიძულა დარჩენილიყო თანამდებობაზე და იმაზე მეტი ძალაუფლება მიანიჭა, ვიდრე მამიდამისს ჰქონდა. მამიდა მარგარეტისაგან განსხვავებით მარია ყოველთვის უკმაყოფილო იყო გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნით და არასოდეს სიამოვნებდა ამ მოვალეობის ქონა. 1531 წლის მაისშივე, მმართველობის დაწყებიდან სულ ოთხ თვეში მარიამ თავის ძმას, ფერდინანდს წერილი მისწერა და სწერდა, რომ ეს თანამდებობა მისთვის კისერზე მოჭერილ თოკს ჰგავდა. იუმორის მოყვარე და მარტივად ადაპტირებადი მარგარეტის შემდეგ ნიდერლანდებში შეუვალი და ავტორიტარული მარიას მმართველობა დაიწყო, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ცნობილია, რომ მარიას არ შეეძლო პატიება და დავიწყება, განსხვავებით მარგარეტისგან, რომელიც ქვეყანას ღიმილით, ხუმრობითა და მოწყალებით მართავდა.

დისშვილების მეურვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტინა დანიელი, მარიას დიწული

ნიდერლანდების გუბერნატორად დანიშვნა ავტომატურად ნიშნავდა მარიას მხრიდან თავისი დის, დედოფალ იზაბელას ქალიშვილებზე, პრინეცსა კრისტინა დანიელზე და პრინცესა დოროთეა დანიელზე მეურვეობის აღებას, რადგანაც დედოფალი იზაბელა 1526 წელს გარდაიცვალა და მის შვილებს, ისევე, როგორც თავის დროზე თავის ძმისშვილებს, მარგარეტ ავსტრიელი პატრონობდა. იმპერატორი კარლი ბოლომდე ენდობოდა პრინცესების აღზრდის საკითხში მარიას და ცნობილია, რომ მათი ქორწინების საკითხიც სწორედ მას მიანდო, განსაკუთრებით კი პრინცესა დოროთეასი, რომლის დანიის ტახტზე დასმაც სურდა იმპერატორს.

1532 წელს მილანის ჰერცოგმა ფრანჩესკო II სფორცამ მარიას მისი დისწულის, იმ დროს 11 წლის პრინცესა კრისტინა დანიელის ხელი სთხოვა. კარლს ეს შემოთავაზება ძალიან გაუხარდა, რადგანაც ასე ჰაბსბურგები ფრანგების წინააღმდეგ მილანში პოზიციის გამყარებას შეძლებდნენ, რის გამოც მარიას უბრძანა, რომ დაუყოვნებლივ დათანხმებოდა ამ შეთავაზებას. თავად მარია მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ამ ფაქტს და ცდილობდა კარლი გადაერწმუნებინა, რადგანაც მარიას თქმით კრისტინა ძალიან პატარა იყო ქორწინებისთვის. კარლმა დააიგნორა დის თხოვნა და მაინც დასთანხმდა კრისტინას მილანის ჰერცოგზე დაქორწინებას. იმისათვის, რომ ქორწინების პროცესი დროში გაეწელა მარიამ მილანის ელჩი მოატყუა, რომ პრინცესა კრისტინა ავად იყო, შემდეგ კი ნიდერლანდების სხვა პროვინციაში გააგზავნა. მარიას მცდელობების მიუხედავად, 1532 წლის 28 სექტემბერს კრისტინა დანიელი მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო II სფორცაზე დააქორწინეს, თუმცა მარიამ მოახერხა, რომ იგი თავისთან 1533 წლის 11 მარტამდე დაეტოვებინა.

კრისტინას მილანში გამგზავრების შემდეგ მალევე მარია ძლიერ დაავადდა და თანამდებობიდან გადადგომა ითხოვა, თუმცა კარლმა მას ისევ უარი უთხრა და გუბერნატორად დატოვა. სულ ერთ წელში კარლმა პრინცესა დოროთეაც დააქორწინა. იგი პფალცის კურფიურსტ ფრიდრიხ II-ს მიათხოვა, რომელსაც თავის დროზე მარიასაც სთავაზობდა. დოროთეას წასვლიდან რამდენიმე თვეში კრისტინაც დაქვრივდა და უკან, მარიასთან დაბრუნდა. ამ დროს ევროპაში უკვე დადიოდა ხმები კრისტინას სილამაზის გამო, რის გამოც ინგლისის მეფე ჰენრი VIII-მ მისი ხელი ითხოვა. ამ დროს ჰენრის უკვე სამი ცოლი ჰყავდა გარდაცვლილი და მეოთხეს ეძებდა. ჰენრის კათოლიკური ეკლესიიდან განდგომის გამო კარლს ეს იდეა არ მოსწონდა, ისევე, როგორც მარიას, რომელსაც ჰენრის კანდიდატურა მისი წინამორბედი ცოლების აღსასრულიდან გამომდინარე არ მოსწონდა, რის გამოც 1539 წელს მარიამ ოფიციალურად დახურა საქორწინო მოლაპარაკებები მეფე ჰენრისთან და კრისტინა თავის სამეფო კარზე დატოვა.

კარლ V, მარიას ძმა

კარლთან ურთიერთობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი მარიას ყოველთვის დიდ ნდობას უცხადებდა, თუმცა მათი ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო რელიგიურ საკითხში. კარლმა იცოდა მარიას ძველი გატაცების შესახებ ლუთერანიზმით, რაც და-ძმას შორის უთანხმოებას იწვევდა. საბოლოოდ მარიამ შეძლო კარლისთვის დაემტკიცებინა თავისი ერთგულება კათოლიკური ეკლესიისადმი. ამის მიუხედავად, 1531 წელს, ნიდერლანდების გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ კარლმა მარიას წერილი მისწერა და გააფრთხილა, რომ მისი ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელიც უღალატებდა კათოლიკურ ეკლესიას, ავტომატურად მის უდიდეს მტრად ჩაითვლებოდა. ამაში კარლი არა მხოლოდ უშუალოდ პროტესტანტობის მიღებას, არამედ მათ შეწყალებასაც კი მოიაზრებდა. ამის გამო მარიას, მიუხედავად მისი რელიგიურად შემწყნარებელი ხასიათისა, მოუწია ნიდერლანდების პროვინციებში პროტესტანტების სასწიკი ხოცვა. ამის მიუხედავად მარია მუდმივად ცდილობდა მაქსიმალურად რბილად შეესრულებინა ძმის შემოღებული რელიგიური კანონები, რის გამოც ის არაერთხელ დაადანაშაულეს კიდეც პროტესტანტების დამცველობაში.

სწორედ მარიას რელიგიური პოლიტიკა იყო ის ერთადერთი სფერო, რაც და-ძმის კონფლიქტს იწვევდა ხოლმე. კარლი მას ხშირად აკრიტიკებდა პროტესტანტებთან გამოჩენილი ლმობიერების გამო, სხვა მხრივ კი მათ შედარებით ახლო და მოსიყვარულე ურთიერთობა ჰქონდათ.

ამბოხებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდებში გავრცელებული რეფორმატორული მოძრაობისა და კათოლიკეებთან არსებული დაპირისპირების გამო ჩვიდმეტ პროვინციაში ამბოხებები 1530-იანი წლებიდან საგრძნობლად გახშირდა. 1534 წელს იმპერატორთან მიწერილ წერილში მარია შეშფოთებას გამოთქვამდა ქვეყანაში მისი ავტორიტეტის ვარდნისა და ფინანსური პრობლემების გამო. იგი ჩიოდა, რომ სიტუაცია იმდენად აირია, რომ ხაზინა მშვიდობის დროსაც კი ვერ შეივსებოდა. ამავდროულად იგი კარლს არწმუნებდა, რომ ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო.

ჰაბსბურგთა ნიდერლანდების 17 პროვინცია მარიას გუბერნატორობის დროს

დედოფალმა მარიამ 1537 წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ მისწერა იმპერატორს საჩივარი წერილი იმის შესახებ, რომ ნიდერლანდები აღარ იყო მართვადი ქვეყანა და სთხოვა ძმას, რომ თავად ჩასულიყო ბრიუსელში და დაესტაბილურებინა მდგომარეობა. მარია კარგად ართმევდა ნიდერლანდებში არსებულ მწვავე კრიზისს თავს და ამავდროულად ახერხებდა სახალხო ცივი იმიჯის შენარჩუნებას. 1537 წლის ოქტომბერში იგი ჩრდილო საფრანგეთში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა თავის ძმას, იმპერატორ კარლ V-ს, თავის დას, დედოფალ ელეონორას და მის ქმარს, საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ს. იმავე წლის 23 ოქტომბერს სამივე მხარემ ხელი მოაწერა შეთანხმებას, სადაც ფრანსუა ჰპირდებოდა მარიას, რომ არ დაეხმარებოდა მის წინააღმდეგ ამბოხებულ ნიდერლანდელებს, ხოლო მარია ფრანგებს ჰპირდებოდა კომპენსაციას იმ მიწებისთვის, რომლებიც მათ იტალიურ ომებში დაკარგეს.

სამხედრო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1534 წელს მარია ქალაქ მეხელენში გამოვიდა ინიციატივით, რომ ნიდერლანდების ჩვიდმეტივე პროვინციის საბჭო გაერთიანებულიყო თავდაცვის სისტემაში. ამას პროვინციების უფრო გაერთიანება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა მარიას ეს ინიციატივა ჩავარდა. ამის გამო მარიას კვლავ მოუხდა ძმისთვის დახმარების თხოვნა, რის გამოც კარლი აღნიშნავდა, რომ მარიას მისდამი მიწერილი წერილები სულ უფრო ემსგავსებოდა მამიდამისის, მარგარეტის თეატრალურ წარმოდგენებს.

მარია ცდილობდა ნიდერლანდებში მშვიდობა დაემყარებინა. მარიას საქმეს ის ართულებდა, რომ კარლი ხშირად არ აქცევდა მარიას პრობლემებს, რომელთაც იგი მმართველობისას ხვდებოდა და ხშირად უგულებელყოფდა კიდეც მის გაფრთხილებებს. სწორედ მარიას ერთ-ერთი ასეთი გაფრთხილების დაიგნორებამ კარლ V-ს ქალაქი მეცი დააკარგვინა, რომელიც ფრანგებმა დაიკავეს. 1537 წელს მარია იძულებული გახდა საფრანგეთის წინააღმდეგ ებრძოლა, სანამ თავისი დის, ელეონორას შუამავლობით ფრანგებთან მშვიდობას დაამყარებდნენ. 1538-1540 წლებში მარია ასევე მარტო გაუმკლავდა ქალაქ გენტის აჯანყებას. 1540 წლის 14 ოქტომბერს მარიამ საბოლოოდ ჩაახშო გენტის ამბოხება, რის გამოც კარლმა მისი გუბერნატორობა კიდევ უფრო გაახანგრძლივა.

ფლოტის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1550-იანი წლების დადგომასთან ერთად ჩრდილოეთის ზღვაში შოტლანდიელი მეკობრეები მარიასთვის სერიოზულ გამოწვევად იქცნენ. 1551 წელს მარიას ანტვერპენის ვაჭართა კავშირმა შესჩივლა, რომ შოტლანდიელმა მეკობრეებმა მათი გემები გაძარცვეს და 1,600,000 ჰოლანდიური ფუნტის ღირებულების საქონელი და გემები წაიღეს. ამის გამო მარიამ პროვინციათა მმართველები მოიწვია გადაწყვეტილების მისაღებად და ჰოლანდიელ ვაჭრებს ზღვაში გასვლა აუკრძალათ მანამ, სანამ არ შეთანხმდებოდნენ. მისი ზეწოლის ქვეშ, პროვინციები შეთანხმდნენ, რომ შეექმნათ საერთო ნიდერლანდების საომარი ფლოტი, მაგრამ პრობლემები მთლიანად გამოსწორდა მხოლოდ მისი მთავრობის ბოლო წლებში. კორნელის დე სკეპერმა, მისმა მთავარმა საზღვაო სტრატეგმა შექმნა გეგმა, რომლის მიხედვითაც, დიდი საზღვაო ესკადრა პატრულირებდა სადგურზე მაასის შესართავთან, ხოლო სწრაფი იახტები პასუხისმგებელნი იქნებოდნენ კომუნიკაციაზე ფლოტთან. ჰოლანდია დათანხმდა რვა საბრძოლო ხომალდის მიწოდებას ოცდახუთ იალქნიანი ფლოტისთვის, რომლებიც გამიზნული იყო ჩრდილოეთ ზღვაში ვაჭრობის ყველა ფილიალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ჯეიმს დ.ტრეისი კომენტარს აკეთებს, რომ „საზღვაო თავდაცვის ამ ახალი სტრატეგიის შემუშავება არ იყო მცირე მიღწევა, მაგრამ ყველაზე მეტი დამსახურება უნდა მიეცეს მარია უნგრელისა და მისი ოფიციალური პირების ხელმძღვანელობას“

მარია (ტახტზე მჯდარი) ესწრება თავისი ძმის, კარლის გადადგომას და იმპერიის დანაწილებას ფერდინანდსა და ფილიპეს შორის

გადადგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1555 წელს დედოფალ მარიას ძმებს შორის შუამავლობა მოუწია. ამ დროს კარლმა გადაწყვიტა ტახტიდან გადამდგარიყო, რის შემდეგაც ესპანეთი თავის ვაჟს, ფილიპეს უნდა დარჩენოდა, საღვთო რომი კი ძმას - ფერდინანდს. ნიდერლანდების საკითხი ძმებს შორის სადავოდ იქცა, რადგანაც კარლს სურდა ნიდერლანდების ასევე ფილიპესთვის გადაცემა და ესპანეთისთვის მიერთება, რასაც ფერდინანდი ეწინააღმდეგებოდა და საჭირო გახდა მარიას ჩარევა, რის შემდეგაც ნიდერლანდების ფილიპესთვის გადაცემა გადაწყდა. პარალელურად კი როგორც კი მარიამ კარლის გადაწყვეტილებაზე შეიტყო გაუხარდა და მისწერა, რომ თავადაც გადადგებოდა. კარლმაც და ფილიპემაც მას თანამდებობაზე დარჩენა სთხოვეს, მაგრამ უარი თქვა. მან თავი იმით გაიმართლა, რომ მისი სქესი და ასაკი ხელს უშლიდა ნიდერლანდების მართვაში. გარდა ამისა, მარიას აღარ სურდა ძმისშვილის ბრძანებების შესწულება წლების განმავლობაში ძმის ბრძანებების შესრულების შემდეგ. ისტორიკოსები მარიას საბოლოოდ გადადგომის მიზეზად ათანხმებენ უთანხმოებებს მის ძმისწულ ფილიპესთან. ამის გამო მარიამ კარლს სთხოვა გადადგომის ნებართვა, რადგან შიშობდა, რომ თუ ის პოლიტიკაში დარჩებოდა თავს ვეღარ გაართმევდა.

საბოლოოდ კარლმა მარიას უფლება მისცა, რომ გადამდგარიყო დაკავებული პოზიციიდან. 1555 წლის 24 სექტემბერს მარიამ პირველად გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ, იმავე წლის 1 ოქტომბერს კი ოფიციალურადაც გადადგა. 25 ოქტომბერს მარიამ თავისი უფლებამოსილებები პირადად გადასცა ფილიპეს, რომელიც, მიუხედავად მამიდისადმი არსებული პირადი ზიზღისა, მაინც ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ დაბრუნებოდა გუბერნატორობას. ფილიპესთან მორიგი ჩხუბის შემდეგ მარიამ საერთოდ დატოვა ბრიუსელის სამეფო კარი და ტერნჰაუტში გადავიდა, სადაც შემდეგი ერთი წელი გაატარა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა ნიდერლანდები.

ესპანეთში ცხოვრება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდების დატოვების შემდეგ მარიამ განაცხადა, რომ სურდა ესპანეთში გადასულიყო და იქ გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება თავისი დაქვრივებული დის, ელეონორასა და ტახტიდან გადამდგარი ძმის, კარლის გვერდით. სწორედ ამიტომ იგი ესპანეთში დაბრუნდა და კასტილიის ქალაქ კიგალესში დასახლდა. აღსანიშნავია, რომ მარია ღელავდა ესპანეთში გადასვლის გამო, რადგანაც, მართალია იგი ფერდინანდ არაგონელისა და ისაბელ კასტილიელის შვილიშვილი და დედოფალ ხუანას ქალიშვილი იყო, თუმცა მას არასოდეს უცხოვრია და არც არასოდეს ჩასულა ესპანეთში მანამდე. სწორედ ამიტომ, ის შიშობდა, რომ ვერ შეეგუებოდა ესპანეთის მცხუნვარე კლიმატსა და გარემოს, ცივი ნიდერლანდების შემდეგ. ამასთანავე, მას ეშინოდა, რომ თუკი მისი უფროსი და, ელეონორა გარდაიცვლებოდა, ის სრულიად მარტო დარჩებოდა ქვეყანაში, რომლის წეს-ჩვეულებები, ენა და კულტურაც მან არ იცოდა. საბოლოოდ თავის ძმისწულთან, მეფე ფილიპე II-სთან შეთანხმებით იგი გადავიდა კასტილიაში, მაგრამ შეინარჩუნა ნიდერლანდებში უკან დაბრუნების უფლება იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ შეეგუებოდა ესპანეთის კლიმატსა და წეს-ჩვეულებებს. 1556 წლის 15 სექტემბერს მარია კარლთან და ელეონორასთან ერთად გაემგზავრა ქალაქ გენტიდან ესპანეთისაკენ.

მარიას აკლდამა ესკორიალში (ცენტრში)

მიუხედავად იმისა, რომ მარია ყველას არწმუნებდა, რომ აღარ სურდა პოლიტიკაში ჩარევას, ესპანეთში ჩასვლის შემდეგ მან თავის ძმისწულს, ინფანტა ხუანას შესთავაზა, რომ მისი მრჩეველი გახდებოდა სანამ ხუანა თავისი ძმის ნაცვლად მართავდა ესპანეთს, რადგანაც ამ დროს ფილიპე თავის მეორე ცოლთან, ინგლისის დედოფალ მერი ტიუდორთან ცხოვრობდა ლონდონის სამეფო კარზე. ინფანტა ხუანას არ სურდა ძალაუფლების არავისთან გაზიარება, ამიტომაც მამიდის შეთავაზება მალევე უარყო.

მარიამ პენსიაზე გასვლით დიდ ხანს ვერ ისიამოვნა. 1558 წლის თებერვალში მარიას მკლავებში გარდაიცვალა მისი უფროსი და, ქვრივი დედოფალი ელეონორა. ამით დამწუხრებული მარია კარლთან გაემგზავრა, რათა რჩევა ეკითხა მომავალთან დაკავშირებით. კარლმა ამაზე უპასუხა, რომ მას ნიდერლანდებში მისი გუბერნატორობის აღდგენა სურდა და დაჰპირდა კიდეც დიდ სასახლესა და შემოსავალს, თუმცა მარიამ ეს უარყო. ამის შემდეგ მეფე ფილიპემაც დაავალა თავის მრჩევლებს, რომ მარია ნიდერლანდებში გუბერნატორად დაბრუნებაზე დაეთანხმებინათ, თუმცა ამაოდ. საბოლოოდ, იმავე წლის აგვისტოში მისი ძმა, კარლიც ძალიან დაავადდა და სიკვდილის პირას იყო, ესპანეთში მარტო დარჩენით შეშინებული მარია კი დათანხმდა ძმიშვილის შეთავაზებას ნიდერლანდებში ისევ გუბერნატორად დაბრუნებაზე.

სექტემბერში მარია უკვე სრულიად მზად იყო დაეტოვებინა ესპანეთი და დაბრუნებულიყო ნიდერლანდების გუბერნატორად, თუმცა გამგზავრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მას შეატყობინეს კარლის გარდაცვალების შესახებაც. და-ძმის ერთდროული დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გამო მარიამ ვეღარ შეძლო ასეთ შორეულ მგზავრობაში წასვლა და ესპანეთში დარჩენა არჩია, რადგანაც მას მალევე გულის სერიოზული დაავადებებიც დაეწყო და ტკივილებით იტანჯებოდა. 1558 წლის ოქტომბერში მარიამ გულის ორი შეტევა განიცადა. ორივე შეტევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ორივეჯერ ექიმებს ეგონათ, რომ გარდაიცვალა, თუმცა მან ორივე გადაიტანა. როდესაც ინფანტა ხუანა მას მოსანახულებლად ეწვია მარიამ უთხრა, რომ იგი კვლავ აპირებდა ძმისთვის მიცემული პირობის შესრულებას და ნიდერლანდებში გუბერნატორად დაბრუნებას, როგორც კი გამოჯანმრთელდებოდა. ხუანას მონახულებიდან რამდენიმე დღეში, 1558 წლის 18 ოქტომბერს მარია ავსტრიელი კიგალესში გარდაიცვალა, 53 წლის ასაკში.

აღსანიშნავია, რომ მარიამ ანდერძის ჩასწორება ვერ მოასწრო. მან მთელი თავისი ქონება ანდერძით კარლს დაუტოვა, თუმცა რადგან კარლი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო მარიას მთელი ქონება მის ძმისწულს, ფილიპეს დარჩა. მისმა ძმისწულებმა, ფილიპემ და ხუანამ მამიდას ბოლო სურვილი აუსრულეს და ის გულის ფორმის მედალიონი, რომელსაც მისი საყვარელი ქმარი საბედისწერო მოჰაჩის ბრძოლაში ატარებდა, გადაადნეს და ოქროთი ღარიბებს დაეხმარნენ.

დედოფალი მარია თავდაპირველად ესპანეთში, ვალიადოლიდის წმინდა ბენედიქტეს სახელობის კათოლიკურ მონასტერში დაკრძალეს, 15 წლის შემდეგ კი ფილიპე II-ის ბრძანებით მარიას ნეშტი ელ ესკორიალის ბაზილიკაში გადაასვენეს, სადაც იგი თავისი დის, ელეონორასა და ფილიპე II-ის ვაჟის, ინფანტი ფერდინანდის გვერდით განისვენებს.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Thea Leitner: Herz unterm Panzer. Maria 1505–1558. In: Habsburgs verkaufte Töchter. Piper, München und Zürich 1994, ISBN 3-492-11827-5, S. 93–135 (auch im Sammelband Schicksale im Hause Habsburg im gleichen Verlag, ISBN 3-492-23980-3)
  • Ursula Tamussino: Maria von Ungarn. Ein Leben im Dienst der Casa de Austria. Styria, Graz 1998, ISBN 3-222-12641-0.
  • Linda Maria Koldau: Frauen - Musik - Kultur. Ein Handbuch zum deutschen Sprachgebiet der Frühen Neuzeit, Köln/Weimar 2005, ISBN 3-412-24505-4, S. 50–56.
  • Bietenholz, Peter G.; Deutscher, Thomas B. (2003). Contemporaries of Erasmus: a biographical register of the Renaissance and Reformation, Volumes 1–3. University of Toronto Press. ISBN 0-8020-8577-6.
  • Cruz, Anne J.; Suzuki, Mihoko (2009). The Rule of Women in Early Modern Europe. University of Illinois Press. ISBN 978-0-252-07616-9.
  • Earenfight, Theresa (2005). Queenship and political power in medieval and early modern Spain. Ashgate Publishing, Ltd. ISBN 0-7546-5074-X.
  • Federinov, Bertrand et Gilles Docquier (eds), Marie de Hongrie. Politique et culture sous la Renaissance aux Pays-Bas (Mariemont 2009) (Monographies du Musée royal de Mariemont, 17).
  • Fuchs, Martina und Orsolya Réthelyi (eds.), Maria von Ungarn (1505–1558). Eine Renaissancefürstin (Münster, Achendorff, 2007) (Geschichte in der Epoche Karls V., 8).
  • Goss, Glenda (1984). Music in the Court Records of Mary of Hungary. University of North Carolina.
  • de Iongh, Jane (1958). Mary of Hungary: second regent of the Netherlands. Norton.
  • Jansen, Sharon L. (2002). The monstrous regiment of women: female rulers in early modern Europe. Palgrave Macmillan. ISBN 0-312-21341-7.
  • Knecht, Robert Jean (2001). The rise and fall of Renaissance France, 1483–1610. Wiley-Blackwell. ISBN 0-631-22729-6.
  • Koenigsberger, Helmut Georg (2001). Monarchies, states generals and parliaments: the Netherlands in the fifteenth and sixteenth centuries. Cambridge University Press. ISBN 0-521-80330-6.
  • O'Malley, John W. (1988). Collected Works of Erasmus: Spiritualia. University of Toronto Press. ISBN 0-8020-2656-7.
  • Piret, Etienne (2005). Marie de Hongrie. Jordan. ISBN 2-930359-34-X.
  • Wethey, Harold (1969). The Paintings of Titian: The portraits. Phaidon.