მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მახათასებრნი (ლათ. Gasterosteidae) — თევზების ოჯახი მახათასნაირთა რიგისა. შეიცავს 5 გვარის 12 სახეობას. გავრცელებულია ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის და ჩრდილოეთ აფრიკის ზღვების მომლაშო და მტკნარ წყლებში.ყოფილ სსრკ-ში გვხვდება ზღვის ანუ გრძელფარფლი მახათა (Spinachia spinachia), მცირე მაზათა (Pungitius pungitius) და სამნემსა მახათა (Gasterosteus aculeatus), რომლებიც საქართველოშიც მოიპოვება შავი ზღვის სანაპიროებთან. იგი შედის რიონის, ხობისწყლის, ენგურის შესართავებში. გვხვდება აგრეთვე პალიასტომისა და სკურჩის ტბებში. მახათასებრთა სხეულის სიგრძე 3-20 სმ აღწევს. გამრავლების პერიოდში მამლები აგებენ ბუდეს, რომელშიც 2-3 დედალი დებს ათასამდე ქვირითს. იკვებებიან კიბოსნაირებით, მწერების მატლებით, ქვირითით და თევზის ლარვებით, რითაც გარკვეულ ზიანს აყენებენ თევზის მეურნეობას. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვთ. ზოგან სამნემსას დიდი რაოდენობით იჭერენ.