ოლთისი
ოლთისი, ოლთისნი — ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მხარეში, იმიერტაოს ცენტრი (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
ოლთისი (თურქ. ოლთუ) მდებარეობს მდინარე ოლთისისწყლის (თურქ. ოლთუჩაი) შუა წელზე. X საუკუნეში ოლთისი დავით III დიდი კურაპალატის რეზიდენცია იყო; მისი სიკვდილის შემდეგ (1001) მეფეთა მეფე გურგენი ეცადა მის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ბიზანტიის წინააღმდეგობას წააწყდა. საბოლოოდ ოლთისი იმიერტაოსთან ერთად ბიზანტიის კეისარმა ბასილი II-მ დაიკავა. XI საუკუნეში, საქართველო-ბიზანტიის ომის დროს, 1021 წელს უკან დახევისას, ოლთისი გიორგი I-მა გადაწვა. შემდგომში (XI საუკუნის 70-იან წლებში) ოლთისს, კარნუ-ქალაქსა (ახლანდელი ერზურუმი) და კართან (ახლანდელი ყარსი) ერთად მიმდებარე ტეროტორიებით განაგებდა ბიზანტიის დიდმოხელე ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძე. საქართველოში „დიდი თურქობის“ დროს (XI-XII სს.) თურქ-სელჩუკები ფლობდნენ; ამ პერიოდში, თურქ-სელჩუქებთან ბრძოლის დროს, ოლთისი გადაწვა დავით IV აღმაშენებელმა. შემდგომ ოლთისი საქართველოს შემადგენლობაში იყო, XIII საუკუნის 40-იანი წლებიდან, მონღოლების ბატონობის ხანაში (უმეფობის პერიოდში), მცირეაზიელმა თურქმანებმა დაიკავეს, მაგრამ მალე გაათავისუფლა სამცხის ლაშქარმა. XV-XVI საუკუნეებში, თურქ-ოსმალთა ექსპანსიის დროს, ოლთისი არაერთხელ იყო ბრძოლის ობიექტი; XV საუკუნეში, სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, თურქეთის ფარგლებში მოექცა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 519.