[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

შვედური ბუზი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვედური ბუზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  მარცვლოვანთა ბუზები
გვარი:  Oscinella
სახეობა:  შვედური ბუზი
ლათინური სახელი
Oscinella frit (Linnaeus, 1758)

შვედური ბუზი (ლათ. Oscinella frit) — მწერი ორფრთიანების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე სხეულის სიგრძე 1,5–3 მმ-ია. ზრდასრული მწერი შავი, ოდნავ ბრჭყვიალაა, ზურგზე გასდევს მკაფიო ლითონისებრი ზოლები. თავი, ულვაშები და მუცელი შავი აქვს; ფეხები შავი ან მოშავო-ყავისფერი; უკანა ფეხების თათები მოყვითალო-ყავისფერია; ფრთები გამჭვირვალე და ლითონისებრ პრიალა. საქართველოში თავთავიან მარცვლოვანთა ნათესებში ფართოდაა გავრცელებული.[1] შვედური ბუზი იმითაა მავნე, რომ მისი მატლები მცენარის მთელ ღეროს აზიანებენ და მცენარე იღუპება. ამ შემთხვევაში მოსავალს მხოლოდ მეორადი და გვერდითი ღეროები იძლევიან. საგაზაფხულო ხორბალს (დიკა) შვედური ბუზის მატლები უფრო მეტად აზიანებენ, რადგან მატლები სწორედ მაშინ იჩეკებიან, როდესაც მცენარეს 2–3 ფოთოლი აქვს გამოზრდილი. შვედური ბუზი აზიანებს საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალს, ქერს, შვრიას, შვრიუკას, შალაფას, ჭანგას, გლერტას, მწყერფეხას, ძურწას და სხვ. მატლის სახით იზამთრებს საშემოდგომო ჯეჯილის ან გარეული ხორბლოვნების ღეროში.[2]

ებრძვიან სხვადასხვა ხერხით: ბუზების ინტენსიური გამრავლების რაიონებში (შემოდგომაზე დაბლობ რაიონებში) ოქტომბრის ბოლოს ტარდება თესვა; მთიან რაიონებში თესვა წარიმართება ოქტომბრის დამდეგიდან. მოსავალს იღებენ დროულად და უდანაკარგოდ; ნაკვეთში არ ტოვებენ ნაგერალებს და სარეველებთან სისტემატურად ატარებენ საჭირო ბრძოლის ღონისძიებებს; იყენებენ პესტიციდებს.[2]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 474.
  2. 2.0 2.1 ლობჟანიძე მზაღო, ტყებუჩავა ზაირა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2009. — გვ. 9–10.